მეუფე გრიგოლი საშობაო გზავნილში, საეკლესიო დღესასწაულთა თარიღებთან დაკავშირებით საუბრობს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით, საშობაო ეპისტოლეში საუბრობს.

  • „საეკლესიო დღესასწაულთა თარიღები დადგენილია (ასე ხდება დღესაც) ეკლესიის კანონიკურ იერარქთა ერთობის მიერ და თუ მათი ცვლილების გარდაუვალი აუცილებლობა დადგება, ეკლესია იმსჯელებს ამაზე, თუმცა, გაუმართლებლად და დაუშვებლად მივიჩნევ, რომ აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთო შიდა ეკლესიური ერთობისთვის საფრთხედ ვაქციოთ; აქვე იმასაც დავსძენ, რომ ასევე აბსოლუტურად გაუმართლებლად მივიჩნევ ახალ სტილზე მყოფი ეკლესიების მოხსენიებას ჭეშმარიტებისგან განდგომილებად, მით უფრო, რომ ჩვენ ევქარისტიულ ურთიერთობაში ვართ თითოეულ მათგანთან და მსგავსი შეფასებები (ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს) მათ ავტორებს არასახარბიელო კუთხით წარმოაჩენს (უპირველესად) დედა ეკლესიის წინაშე. მეტი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს და ამაში გვარწმუნებს ეკლესიის მიერ დღემდე განვლილი გზა,“ - წერს საშობაო გზავნილში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით.