აშშ-ის კონგრესის ლიდერები 2024 წლის ბიუჯეტზე შეთანხმდნენ

შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას 2024 წლის ხარჯების მთლიანი ოდენობის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის ლიდერები შეთანხმდნენ ფედერალური მთავრობის 2024 წლის ბიუჯეტზე, რომლის მოცულობა თითქმის 1,6 ტრილიონი დოლარია. 886 მილიარდი დოლარი თავდაცვის ხარჯია, 704 მილიარდი კი - სხვა სფეროების. შეთანხმებას 7 იანვარს მიაღწიეს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა და სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა.


მედიის ინფორმაციით, ისინი ასევე შეთანხმდნენ 69 მილიარდი დოლარის მოცულობის გარიგებაზე, რომელიც მიმართული იქნება არათავდაცვით შიდა ხარჯებზე. შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერების შეთანხმება ახლა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უნდა დაამტკიცონ. მათ აქვთ ორ კვირაზე ნაკლები დრო, რომ თავიდან აიცილონ ზოგიერთი ფედერალური სამსახურის მუშაობის შეჩერება.


კონგრესის ლიდერებს შორის შეთანხმების მიღწევას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია „შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად.

„ორპარტიული დაფინანსების ჩარჩო, რომელსაც კონგრესის ლიდერებმა მიაღწიეს, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო მთავრობის შათდაუნი და დავიცვათ მნიშვნელოვანი ეროვნული პრიორიტეტები. ეს ასახავს დაფინანსების დონეს, რომელზეც მე მოვილაპარაკე ორივე პარტიასთან და ხელი მოვაწერე კანონს გასულ გაზაფხულზე“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში. მან „რესპუბლიკელებს“ მოუწოდა, დაამტკიცონ მისი მოთხოვნა უკრაინისა და ისრაელის დახმარების თაობაზე.

„ახლა, “რესპუბლიკელებმა“ უნდა შეასრულონ თავიანთი საქმე, შეწყვიტონ მთავრობის დახურვით მუქარა და შეასრულონ თავიანთი ფუნდამენტური პასუხისმგებლობა, დააფინანსონ კრიტიკული საშინაო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები, მათ შორის, ჩემი დამატებითი თხოვნა. დროა, იმოქმედონ,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.