ენტონი ბლინკენი: პალესტინელები არ უნდა აიძულონ, დატოვონ ღაზის სექტორი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, პალესტინელებზე არ უნდა განახორციელონ ზეწოლა იმ მიზნით, რომ ღაზის სექტორი დატოვონ და ასევე, როგორც კი საშუალება გაჩნდება, მათ თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ. ბლინკენმა დაგმო ისრაელის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები, რომ პალესტინელები სხვაგან უნდა გადასახლდნენ.


”პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას უნდა შეეძლოს სახლში დაბრუნება, როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება, ისინი არ უნდა აიძულონ, ღაზა დატოვონ“, - აღნიშნა ბლინკენმა.


სახელმწიფო მდივნის თქმით, შეთანხმებული სამშვიდობო ძალისხმევის გარეშე ისრაელი - "ჰამასის" კონფლიქტი, შესაძლოა, მთელ რეგიონში გავრცელდეს.

„რეგიონში ღრმა დაძაბულობის მომენტია. ეს არის კონფლიქტი, რომელსაც შეუძლია ადვილად მოახდინოს მეტასტაზირება და გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი დაუცველობა და ტანჯვა," - აღნიშნა ბლინკენმა იორდანიაში ვიზიტისას.


„იორდანიაში სტუმრობისას, მეფემ, აბდულამ, ბლინკენს მოუწოდა, გამოიყენოს ვაშინგტონის გავლენა ისრაელზე, რათა მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ნათქვამია სასახლის განცხადებაში, რომელიც მას ისრაელის მიმდინარე სამხედრო კამპანიის "კატასტროფული შედეგების" შესახებ აფრთხილებს. კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ გაეროს შეუძლია, გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა დევნილმა პალესტინელებმა შინ დაბრუნება შეძლონ. პრესკონფერენციაზე კატარის პრემიერმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ისრაელის მიერ ჰამასის ლიდერის მკვლელობამ ბეირუთში, ზეგავლენა იქონია კატარის შესაძლებლობაზე, შუამავლობა გასწიოს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. თუმცა, მისი თქმით, დოჰა გააგრძელებს თავის მცდელობებს.


ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე დღიანი ვიზიტით იმყოფება. გვიან ღამით კატარიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა, დღეს კი საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც ლიბანის შემდეგ, ასევე ვიზიტით ჩავიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. ბლინკენი უკვე იმყოფებოდა იორდანიაში, თურქეთსა და საბერძნეთში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელსაც ეწვევა.