რუსმა სამხედროებმა ბომბი ჩამოაგდეს უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
ადგილობრივი დე ფაქტო „ხელისუფლების“ მტკიცებით, არავინ დაშავებულა.
რუსეთის მიერ თავის რეგიონად გამოცხადებული ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. მეთაურის, ლეონიდ პასეჩნიკის მიერ ტელეგრამზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „საბრძოლო ამოცანების შესრულებისას“ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავიდან მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის (ФАБ-250) „არასაშტატო ჩამოსვლა.“
პასეჩნიკის თქმით, ტერიტორიიდან, სადაც საბრძოლო მასალა ჩამოვარდა, ადგილობრივ მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა და ადგილზე სამაშველო სამსახურის და სამხედრო კომენდატურის წარმომადგენლები მუშაობენ.
იანვრის დასაწყისში რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო რუსეთის ვორონეჟის ოლქის სოფელ პეტროპავლოვკაშიც, სადაც სახლები დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.