უკრაინაში რუსეთის დამარცხება ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების საუკეთესო სტრატეგიულ ინტერესებში შედის - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, დაამტკიცებს თუ არა აშშ-ის კონგრესი დამატებით დაფინანსებას.


დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ თუ უკრაინის მხარდაჭერა შეჩერდება, მაშინ რუსეთმა შეიძლება ფრონტის ხაზზე წარმატების მიღწევა დაიწყოს.

„ჩვენ ბრძოლას იმ რესურსებით გავაგრძელებთ, რაც გვაქვს. მსოფლიოსთვის საფრთხე დემოკრატიას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ემუქრება. უკრაინის წინაშე კი მისი, როგორც სახელმწიფოს არსებობის, საკითხი დგას,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში.

მისივე შეფასებით, უკრაინაში რუსეთის დამარცხება ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების საუკეთესო სტრატეგიულ ინტერესებში შედის.


„უკრაინა უნდა იყოს ის თემა, რომელიც აერთიანებს და არა ჰყოფს,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დმიტრო კულებამ ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეები უკრაინას ომის „გაყინვისკენ“ არ უბიძგებენ.

„მოკავშირეები ომის „გაყინვისთვის“ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ არ მოგვიწოდებენ, არც დელეგაციებთან შეხვედრების და არც ვიწრო დახურული ფორმატის შეხვედრების დროს. ისინი, ვინც გაყინულ კონფლიქტს გვთავაზობენ, ამტკიცებენ, რომ ისინი უკრაინისა და მსოფლიოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. რეალურად, ისინი პუტინს ეხმარებიან“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.