აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ამერიკელი დიპლომატი ქვეყნის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გამართავს.
CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ბლინკენი ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
ეს არის ენტონი ბლინკენის მეოთხე ვიზიტი რეგიონში და მეხუთე ვიზიტი ისრაელში მას შემდეგ, რაც ისრაელს „ჰამასი“ დაესხა თავს. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს უფრო ფართო, რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
ბლინკენის თქმით, პალესტინელებს ღაზის დატოვება არ უნდა აიძულონ და მათ საშუალება უნდა მიეცეთ, თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ, როგორც კი შესაბამისი პირობები შეიქმნება. ისრაელში ჩასვლამდე ენტონი ბლინკენი თურქეთში, იორდანიაში, კატარსა და საუდის არაბეთში იმყოფებოდა. ისრაელის შემდეგ კი ის დასავლეთ სანაპიროსა და ეგვიპტეს ეწვევა.