თეთრი სახლის ოფიციალური პირები ტექნოლოგიებისა და თავდაცვის ინდუსტრიის სფეროს ათამდე ლიდერს შეხვდნენ, რათა უახლეს ამერიკულ აღჭურვილობაზე უკრაინის წვდომის მხარდასაჭერად, ბაიდენის ადმინისტრაციის ინტერესი გაეძლიერებინათ. ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
მაღალჩინოსნის თქმით, საუბარი ფოკუსირებული იყო უამრავ სისტემაზე, მათ შორის, უპილოტო საჰაერო სისტემებზე, დრონების თავდასხმასთან გამკლავების საკითხებზე.
Reuters-ის კიდევ ერთი თანამოსაუბრის თქმით, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა შეხვედრა მოიწვია, რათა უკრაინას ტექნოლოგიური გამოწვევების გადალახვაში დაეხმარონ. ეს არის საკვანძო საკითხი, რომელიც აშშ-მ გამოყო და მიიჩნია, რომ ამის გამო ფერხდება უკრაინის პროგრესი და იმპულსი ბრძოლის ველზე.
რაც შეეხება შეხვედრის მონაწილეებს, როგორც Reuters-ი წერს, ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები ძირითადად შეხვდნენ ინდუსტრიის აღმასრულებლებს Fortem Aerospace-დან, თავდაცვის ტექნოლოგიების კომპანიებიდან - Palantir Technologies Inc (PLTR.N) და Anduril Industries Inc, ასევე, თვითმფრინავების მწარმოებელ Skydio-დან.
ბრიტანული სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე შეხვედრას თავად სალივანი და მისი მოადგილეც ესწრებოდნენ.
ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის მხარდაჭერის ნებისმიერ მცდელობას ხელს შეუშლის 100 მილიარდ დოლარზე მეტი დამატებითი დახმარების პაკეტის არმიღება. მისი დამტკიცებისკენ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანონმდებლებს რამდენჯერმე უკვე მოუწოდა. ეს პაკეტი მოიცავს დაახლოებით 50 მილიარდ აშშ დოლარის ახალ დახმარებას უკრაინისთვის.