2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა

გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური უწყების მიერ 8 იანვარს გამოქვეყნებული ონაცემებით, 2023 წელს თავშესაფრის მაძიებლებისგან 351 915 განაცხადი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით, 51,1%-ით მეტია.

სტატისტიკის თანახმად, 329 120-მა განმცხადებელმა თავშესაფარი პირველად ითხოვა, 22 795-მა კი - ქვეყანაში ყოფნის ვადის გაგრძელება.


გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა შორის პირველ ადგილზე არიან მოგრანტები სირიიდან (104 561). მას მოსდევენ თურქეთი (62 624), ავღანეთი (53 582), ერაყი(12 360) და ირანი (10 206).

საქართველოდან, რომელიც მეექვსე ადგილზეა, 2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი ითხოვა 9 399-მა ადამიანმა, მათგან 8 414-მა - პირველად. ქართველების განაცხადების მხოლოდ 0,3% დაკმაყოფილდა.


გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალურმა უწყებამ გამოაქვეყნა 2023 წლის ბოლო სამი თვის სტატისტიკაც, რომლის მიხედვით, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი იკლებდა. 2023 წლის ოქტომბერში თავშესაფარი ითხოვა 448 ადამიანმა, ნოემბერში 417-მა და დეკემბერში - 351-მა.

2023 წელს გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა, რაც თავშესაფარზე უარის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას გაამარტივებს.