უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა აუცილებლად მიიღებს ფულს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის.
„ეს მოხდება 100%-ით, საკითხავია, რა მოცულობით. რადგან არსებობს სამი ელემენტი: თავად გაყინული აქტივები, შემოსავალი მათგან და გადასახადები ამ შემოსავლებზე. გაყინული აქტივები საკმარისია ჩვენი აღდგენის საჭიროებების 80%-ზე მეტის დასაფარად. ჩვენ შევძლებთ სკოლების, საავადმყოფოების, ინფრასტრუქტურის აღდგენას იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელმაც გაანადგურა ისინი,“ - განაცხადა კულებამ El Pais-თან ინტერვიუში.
დმიტრო კულებას თქმით, თანხის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება. კულება მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გადაიხადოს იმისთვის, რაც ჩაიდინა.
„ჩვენ უნდა შევქმნათ ყოვლისმომცველი სისტემა სამართლებრივი საკითხების გადასაჭრელად და ფინანსური მექანიზმები. ეს არის კომპლექსური სამართლებრივი, მარეგულირებელი და ფინანსური ინსტრუმენტი, მაგრამ თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რადგან ეს არის ყველაზე ბუნებრივი გადაწყვეტილება,“ - აღნიშნა კულებამ.