NATO-ს შესახებ ბევრ რუსულ პროპაგანდისტულ მითს ვაქარწყლებთ - ალექსანდრე ვინიკოვი

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბრობს. ვინიკოვის შეფასებით, პროპაგანდა ახალი ფენომენი არ არის. ის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, მაგრამ ცხადია, ციფრული კომუნიკაციის საშუალებების სწრაფად განვითარებასთან ერთად, პროპაგანდა უფრო მძლავრი ხდება, შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გავუმკლავდეთ მას.


„NATO-ს ძირითადი მიდგომა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არის არა კონტრპროპაგანდა, არამედ, პროპაგანდასთან ფაქტების მეშვეობით ბრძოლა. სწორედ ამას ვაკეთებთ ცენტრალურ დონეზე NATO-ს შტაბ-ბინის მეშვეობით, რომელიც დიდ ძალისხმევას ეწევა NATO-ს ვებგვერდის მეშვეობით, სადაც ალიანსის შესახებ ბევრ რუსულ პროპაგანდისტულ მითს ვაქარწყლებთ.


იგივეს ვაკეთებთ ადგილობრივ დონეზე საქართველოში, პირდაპირ ვერთვებით სამიზნე აუდიტორიებთან, ახალგაზრდებთან, რელიგიურ ლიდერებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს რეგიონებს, რადგანაც თბილისში ინფორმაცია ხელმისაწვდომია, თუმცა ზოგიერთი რეგიონში ეს დიდ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით იქ, სადაც უფრო მეტად რუსულენოვან საინფორმაციო წყაროებს ეყრდნობიან.

ამრიგად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ძალისხმევა რეგიონებისკენ მივმართოთ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ მრავალ პარტნიორთან, როგორც მთავრობასთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებიდან, რათა ავამაღლოთ ცნობიერება NATO-ს შესახებ, NATO-საქართველოს თანამშრომლობის სარგებლის შესახებ, და ცხადია, ვებრძოლოთ ყალბ ნარატივებს, მათ შორის ანტიდასავლურ ნარატივებს, რაც პრობლემაა არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ჩვენსავე ქვეყნებში. სწორედ ამიტომ არის ეს ერთობლივი გამოწვევა, რომელსაც ასევე ერთობლივად უნდა გავუმკლავდეთ, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად,“ - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა civil.ge-სთან ინტერვიუში.~

მან ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს ნებისმიერი პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით, ასევე არის პროგრესი NATO-ს საბოლოო წევრობისკენ.