რუსეთის ქალაქები კვლავ დრონით შეტევის სამიზნეა

რუსეთმა ისევ უკრაინა დაადანაშაულა მორიგი „ტერაქტის მცდელობაში.“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ 10 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამით სარატოვის ოლქის თავზე „გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“ და „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა.“

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ რაიონს, სადაც დრონი ჩამოაგდეს. სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ინფორმაციით კი, უპილოტო საფრენი აპარატი ენგელსის რაიონის თავზე გაანადგურეს.


უკრაინას სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონზე დრონით შეტევის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ ამ რაიონში მდებარეობს რუსეთის სამხედრო აეროდრომი. ავიაბაზაზე დისლოცირებულია უკრაინასთან ომში ჩართული სტრატეგიული ბომბდამშენები.

ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმები 2022 წლის დეკემბერშიც იყო.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 170 კილომეტრში მდებარე ქალაქ ორიოლში 9 იანვარს ორი დრონი ჩამოვარდა სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე, იტყობინებოდა რეგიონის გუბერნატორი, ანდრეი კლიჩკოვი. 9 იანვარს განგაში იყო ორიოლის მახლობლად მდებარე კურსკში. ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის თქმით, უკრაინის მხრიდან ცეცხლის დაშენის შედეგად სოფელ გორნალში ნამსხვრევებმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა. იერიშის დროს დაზიანდა ორი სახლი. თვითმფრინავის ტიპის დრონი ჩამოაგდეს კურჩატოვის რაინში, სადაც მდებარეობს, კურსკის ატომური ელექტროსადგური.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსკის და ორიოლის ოლქების თავზე ჩამოაგდეს უკრაინის რვა დრონი. ამავე წყაროს თანახმად, ერთი დრონი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქის თავზე. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ორიოლის ნავთობბაზაზე თავდასხმა სექტემბერშიც მოხდა და საწვავით სავსე რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის შესახებ ცნობები ხშირია.