პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში, ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

პოლონელმა პოლიციელებმა ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი. ისინი პრეზიდენტ ანდჟეი დუდას პოლიტიკური მოკავშირეები არიან.

ღამით, სასამართლოს ორდერის საფუძველზე, პრეზიდენტის სასახლეში პოლიციელები შევიდნენ, კამინსკი და ვონსიკი დააკავეს და ვარშავის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს. რამდენიმე საათით ადრე, პრეზიდენტის სასახლეში მისულმა კამინსკიმ და ვონსიკმა ჟურნალსტებს განუცხადეს, რომ პოლონეთში დიქტატურა ყალიბდება და დაკავების შემთხვევაში პოლიტპატიმრები იქნებიან.


2023 წლის დეკემბერში სასამართლომ კამინსკი და ვონსიკი ხელმეორედ ცნო დამნაშავედ 2007 წელს, ანტიკორუფციულ ბიუროში მუშაობისას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და 2-2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კამინსკი და ვონსიკი, რომლებიც პარლამენტის დეპუტატებიც იყვნენ ყოფილი მმართველი პარტიიდან „სამართალი და სამართლიანობა“, სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ იმ მოტივით, რომ ამავე საქმეზე პირველი განაჩენის შემდეგ, 2015 წელს ისინი პრეზიდენტმა დუდამ შეიწყალა. იგივე პოზიცია აქვს დუდასაც, რომელმაც კამინსკი და ვონსიკი პრეზიდენტის სასახლეში 9 იანვარს, დილით მიიწვია.


პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მის მიერ კამინსკის და ვონსიკის შეწყალების აქტი ძალაშია. დუდას ოფისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სტუმრების დაკავებამ ხელყო სახელმწიფოს და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა ღირსება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პრეზიდენტი ანდჯეი დუდა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის მოკავშირეებს ეხმარება მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევაში და რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უპირობოდ ყველამ პატივი უნდა სცეს.