გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირის მომავალ სამიტს, რომელიც თებერვალში გაიმართება, უკრაინის ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლისთვის გამოიყენებს. ამის შესახებ Politico წერს.
შოლცს სურს, რომ ევროკავშირმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაზარდოს. ამ ინფორმაციას გამოცემა გერმანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და გახდა მეორე უდიდესი სამხედრო დახმარების მიმწოდებელი აშშ-ის შემდეგ.
„რაც არ უნდა იყოს გერმანიის წვლილი, ეს არ იქნება საკმარისი უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა შოლცმა 8 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. „ამიტომ მოვუწოდებ მოკავშირეებს ევროკავშირში, გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინაში იარაღის დაგეგმილი მიწოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობის მხრიდაბ, არ არის საკმარისი,“ - აღნიშნა შოლცმა. ევროკავშირი თებერვლის სამიტზე ასევე კენჭს უყრის უკრაინის 50 მილიარდი ევროს (54 მილიარდი დოლარი) ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც უნგრეთმა დეკემბერში დაბლოკა.