აშშ, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ

ევროკავშირმა და ათობით ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ.


განცხადებას ხელს აწერენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და შემდეგი ქვეყნები: საქართველო, ალბანეთი, ანდორა, არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, კორეის რესპუბლიკა, რუმინეთი, სან მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი.

„მკაცრად ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან ექსპორტს და რუსეთის მიერ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისგან ბალისტიკური რაკეტების შესყიდვას, ისევე როგორც რუსეთის მიერ ამ რაკეტების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ 2023 წლის 30 დეკემბერსა და 2024 წლის 2 იანვარს. ეს იარაღი ზრდის უკრაინელი ხალხის ტანჯვას, მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ომს და ძირს უთხრის გლობალურ დონეზე გაუვრცელებლობის რეჟიმს. ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა უხეშად არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციას, რომელსაც თავად რუსეთი უჭერს მხარს. ჩვენი მთავრობები ერთად დგანან და მტკიცედ ეწინააღმდეგებიან DPRK-სა და რუსეთს შორის იარაღის ტრანსფერს. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ უსაფრთხოებაზე გავლენების გამო, რაც ამ თანამშრომლობას აქვს ევროპაში, კორეის ნახევარკუნძულზე, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და მთელ მსოფლიოში.


მოვუწოდებთ DPRK-ს და რუსეთს, დაემორჩილონ გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეკომენდაციებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა ქმედება, რომელიც გაეროს რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. 

მოვუწოდებთ გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრს, შემოგვიერთდნენ რუსეთისა და DPRK-ის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს უხეში დარღვევების დაგმობაში. ვინაიდან რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების მასიურ შეტევას ახორციელებს, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად დგომას უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ DPRK-ს, უპასუხოს მრავალრიცხოვან და რეალურ შეთავაზებებს დიპლომატიის გზაზე დასაბრუნებლად, ერთადერთი გზა კორეის ნახევარკუნძულზე გრძელვადიანი მშვიდობისკენ,“ აღნიშნულია განცხადებაში.