ევროკომისარი 100 მილიარდი ევროს თავდაცვის ფონდის შექმნაზე საუბრობს

შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარ ტიერი ბრეტონს ევროკავშირის 100 მილიარდი ევროს თავდაცვის ფონდის შექმნა სურს. ის აპირებს, 27 თებერვალს წარმოადგინოს ევროპის თავდაცვის საინვესტიციო პროგრამა (EDIP), რომელიც იარაღის ერთობლივი შესყიდვის გაძლიერებასა და შიდა იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდას ისახავს მიზნად.


შესაბამის ინფორმაციას Politico ავრცელებს. ტიერი ბრეტონი აღნიშნული მიზნის მიღწევაში დარწმუნებულია. მან ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, შეამცირონ იარაღის ექსპორტი სხვა ქვეყნებში და ზეწოლა მოახდინონ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე, რათა გაზარდონ საბრძოლო მასალის შიდა წარმოება.


ბრეტონს ასევე სჯერა, რომ რომ ბლოკს ჯერ კიდევ შეუძლია, მიაღწიოს მიზანს, აწარმოოს ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი ამ გაზაფხულამდე, რომელიც შემდგომში, შეიძლება, უკრაინაში გაიგზავნოს.

მან ხაზი გაუსვა, რომ ორ წელში ევროკავშირს შეუძლია, რუსეთს გაუტოლდეს იარაღის წარმოებაში. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირს იგივე პოტენციალი ჰქონდეს. შეგახსენებთ, გასული წლის მარტში ბრიუსელმა განაცხადა, რომ კიევს ერთ მილიონ ჭურვს მიაწვდიდა ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ მოგვიანებით ეს მიზანი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.