10 იანვარს, ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ელოდება სამხედრო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს NATO-ს ვაშინგტონის სამიტიდან, მათ შორის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ.
მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური და თავდაცვითი გადაწყვეტილებების ხილვა სურს.
„რაც შეეხება თავდაცვას, მთავარია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. მსურს, ვიხილო საჰაერო თავდაცვის პაკეტის გაძლიერება იმ სისტემების რაოდენობით, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს არის სისტემები და კონკრეტული რაკეტები, რომლებიც ებრძვიან რუსეთის ბალისტიკურ [რაკეტებს]," - განმარტა ზელენსკიმ.
რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ლიეტუვის პრეზიდენტმა უკვე თქვა ყველაფერი. მე მსურს სულ მცირე ერთი კონკრეტული ნაბიჯი დავინახო NATO-ში[წევრობის]კენ", - განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის სამიტი წარმატებული იქნება, თუ ის ვილნიუსის სამიტს დაეფუძნება და შემდეგი ნაბიჯის გადადგმას შეძლებს. მან აღნიშნა, რომ ვიდრე ვილნიუსის სამიტამდე ჯერ კიდევ არსებობდა ეჭვები გაწევრიანდებოდა თუ არა უკრაინა NATO-ში, სამიტის შემდეგ აქტუალური გახდა კითხვა, თუ როდის გახდება უკრაინა ალიანსის წევრი.
ნაუსედამ ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონში სამიტამდე უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე. „მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა ANP-ის იმპლემენტაციაზე; მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა წარმატებული იყოს და აჩვენოს უკრაინის სურვილი NATO-ში გაწევრიანების შესახებ,“ - განაცხადა ნაუსედამ.
ცნობისთვის, NATO-ს მომდევნო საიუბილეო სამიტი ვაშინგტონში გაიმართება.