უკრაინის პარტნიორები ჯერ არ არიან მზად, მოსთხოვონ კიევს რუსეთთან ომის გაყინვა, მაგრამ მათ ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ პუტინი არ აპირებს საომარი მოქმედებების დასრულებას. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა.
„რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის შეწყვეტასთან დაკავშირებით, პარტნიორების მხრიდან ზეწოლა არ არსებობს. ჩვენი სამართლიანი თავდაცვისა და ჩვენი სამართლიანი ბრძოლის შეჩერება - ჩვენ ამ მხრივ არანაირი ზეწოლა არ გვქონია. ჯერჯერობით. მე მსმენია, წავიკითხე და ვეცნობი მედიას - არის სხვადასხვა ხმა და დისკუსია. მე ვფიქრობ, რომ პარტნიორები ჯერ არ არიან მზად, ოფიციალურად მოგვცენ შესაბამისი სიგნალები. ყოველ შემთხვევაში მე პირადად არ მომისმენია. მაგრამ, მეჩვენება, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რიტორიკას. გაჩერებას არ აპირებს. მას სურს ჩვენი სრული ოკუპაცია,“ - განაცხადა ზელენსკიმ.