ხარკოვზე სარაკეტო შეტევისას დაშავებულთა შორის საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები არიან - უკრაინა

უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად, 11 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერია და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებენ. ხარკოვზე სარაკეტო იერიში 10 იანვარს, ღამით განხორციელდა.


უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ხარკოვის ცენტრში, 3-სართულიან სასტუმროსთან სარაკეტო დარტყმის შედეგების ამსახველი ფოტოები.

საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან საქართველოს ერთი და თურქეთის ერთი მოქალაქე, რომლებიც თურქული მედიის წარმომადგენლები არიან. რომელი მედიასაშუალების, დაკონკრეტებული არ არის.


ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროზე, სადაც 30 სამოქალაქო პირი, მათ შორის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. ტერეხოვის თქმით, სასტუმროს გარდა დაზიანებულია ორი სახლი, ავტოსალონი და საწარმოს შენობა.