აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლოა

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლოა. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ფაქტობრივად, ისინი, ვინც ძალადობრივად ესხმიან თავს ისრაელს, აგრძელებენ ისრაელის განადგურებისა და ებრაელების მასობრივი მკვლელობისკენ ღია მოწოდებებს. ამის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

მეთიუ მილერის თქმით, გენოციდი არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქმედება, რომლის ჩადენაც ნებისმიერ სუბიექტს ან ინდივიდს შეუძლია და ასეთი ბრალდებები მხოლოდ დიდი სიფრთხილით უნდა ისმოდეს.

„ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი „ჰამასის“ ტერორისტული აქტებისგან - ქმედებებისგან, რომელთან დაკავშირებითაც „ჰამასმა“ პირობა დადო, რომ გაიმეორებს ისრაელის სრულ განადგურებამდე. ისრაელი მოქმედებს განსაკუთრებულად რთულ გარემოში ღაზაში, ურბანული ბრძოლის სივრცეში, სადაც „ჰამასი“ განზრახ იმალება მშვიდობიანი მოსახლეობის უკან,” - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, დღეს, 11 იანვარს ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო იწყებს მოსმენებს ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის მიერ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები „გენოციდის ხასიათს ატარებს."