რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში „ანტიტერორისტული წვრთნები“ ჩაატარა

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე „ანტიტერორისტული წვრთნები“ ჩაატარეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 10 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სწავლება ჩატარდა „პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეტევის მოსაგერიებლად“. ამავე ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს უნდა აღეკვეთათ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე პირობითი მოწინააღმდეგის შეღწევის მცდელობა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირადმა შემადგენლობამ შეთანხმებულად იმოქმედა „ტერორისტული ჯგუფის ბლოკირების“ და „საგანგებო ვითარებაში გადაწყვეტილებების მიღების“ მიზნით.


საქართველოს თავის ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები უკანონოდ აქვს გამოცხადებული. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ქვეყნის ტერიტორიიდან.