ბაიდენის ადმინისტრაციამ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას მხარი დაუჭირა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას ითვალისწინებს. ინფორმაციას Bloomberg-ი აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.


„კანონპროექტი აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანიჭებს უფლებამოსილებას, რომელიც აუცილებელია რუსეთის სუვერენული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ ჩამორთმევისთვის,” - ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს მემორანდუმში.


Bloomberg-ი წერს, რომ გაყინული რუსული აქტივების თანხები შეიძლება გამოყენებული იყოს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ ამგვარი კანონი არის ერთ-ერთი შესაძლო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ რუსეთს, მიყენებული ზიანი აანაზღაურებინონ.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ომის შემდეგ უკრაინის აღდგენას შეიძლება, სულ მცირე 411 მილიარდი დოლარი დასჭირდეს.