აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 11 იანვარს საერთშორისო მედიის შეკითხვებს უპასუხა. სამხრეთ კავკასიაზე საუბრისას ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. ბლინკენის თანაშემწის თქმით, სასიხარულოა, რომ მხარეებს შორის დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად ორმხრივი დისკუსიები გრძელდება.
„ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ მათ [აზერბაიჯანსა და სომხეთს] აქვთ აქტიური დღის წესრიგი ორმხრივ დონეზე და აგრძელებენ დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას. ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები და სიამოვნებით ვუჭერთ მათ მხარს, როგორც შეგვიძლია,“ - განაცხადა ო’ბრაიენმა.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით, შეერთებულ შტატებს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. მას მიაჩნია, რომ მათ შორის მშვიდობა რეგიონში განვითარების კარგ შესაძლებლობებს შექმნის.
„ჩვენ გვაქვს ძალიან სრული ურთიერთობები ორივე ქვეყანასთან, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ კავშირებს და გვსურს ვიხილოთ, რომ ორივემ ისარგებლოს სამშვიდობო შეთანხმებით და ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიზნით, ყველაზე მისაღები გზით,“ - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.
მან სომხეთი რეფორმებისთვის კიდევ ერთხელ შეაქო.
„სომხეთში რეფორმების დღის წესრიგი ძალიან შთამბეჭდავია. აზერბაიჯანში არჩევნები ახლოვდება და მე ვიცი, რომ შემიძლია, ვისაუბრო იმ როლზე, რომელიც მას სურს, ითამაშოს რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაში და ვფიქრობ, სამშვიდობო მოწყობა მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ გეგმებს.
ახლა ჩვენ გვსურს, შეგვეძლოს განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც დღის წესრიგში გვაქვს ორივე ქვეყანასთან, დაწყებული ჩვენი შეშფოთებით პატიმრობაში მყოფი ადამიანების მიმართ, ორმხრივი საკითხებით დასრულებული და ჩვენ გვექნება ძალიან სრული დღის წესრიგი, როგორც კი წინ წავალთ. მაგრამ ეს ყველაფერი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი, გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისკენ წახალისების ქოლგის ქვეშ განიხილება,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.