რიში სუნაკი კიევში გაემგზავრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი პარასკევს, 12 იანვარს კიევში გაემგზავრა. სუნაკი კიევში სამხედრო დაფინანსების გაზრდის შესახებ გამოაცხადებს, რათა დაეხმაროს უკრაინას ახალი სამხედრო თვითმფრინავების შეძენაში, მათ შორის სათვალთვალო, შორ მანძილზე დარტყმისა და საზღვაო თვითმფრინავების მიღებაში. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


ლონდონი იევის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია რუსეთის შეჭრის შემდეგ. როგორც სუნაკმა აღნიშნა, ბრიტანეთი მხარდაჭერას მომავალ წელს 2,5 მილიარდ ფუნტამდე (3,19 მილიარდი აშშ დოლარი) გაზრდის, რაც 200 მილიონი ფუნტით ზრდაა წინა ორ წელთან შედარებით.


„თავდაცვის სამინისტრო იმუშავებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინის თავდაცვისთვის მოწოდებული დრონების რაოდენობა,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. სუნაკის ოფისმა ასევე განაცხადა, რომ ორი ქვეყანა ასევე მოაწერს ხელს დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ ისტორიულ შეთანხმებას, რაც დიდი შვიდეულის მიერ გაფორმებული უსაფრთხოების დეკლარაციის გაგრძელებაა.

„გაერთიანებული სამეფო უკვე არის უკრაინის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, რადგან ჩვენ მათ უსაფრთხოებას, ჩვენს უსაფრთხოებად ვაღიარებთ. დღეს ჩვენ კიდევ უფრო წინ მივდივართ - გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას, ათასობით დრონის მიწოდებით და ახალ ისტორიულ უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელის მოწერით, რათა უკრაინას მივცეთ გარანტიები, რაც მას გრძელვადიან პერსპექტივაში სჭირდება,“ - აღნიშნა თავის მხრივ, რიში სუნაკმა.


ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ახალი შეთანხმება „განამტკიცებს მთელ რიგ მხარდაჭერას, რომლითაც გაერთიანებული სამეფო უკრაინის უსაფრთხოებისთვის გააგრძელებს. მათ შორის, საუბარია სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, სამედიცინო და სამხედრო მომზადებაზე, ასევე, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობაზე.“