ბუდანოვი: რუსეთი ოჩამჩირეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი Le Monde-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტზე უკრაინის თავდასხმების გამო რუსები საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ ოჩამჩირაში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.


„ჩვენ რეგულარულად ვუტევთ მტრის საზღვაო ფლოტსა და საპორტო ობიექტებს, ამიტომ რუსებს მოუწიათ, სწრაფად გადაეტანათ ყველაფერი სამხრეთ-აღმოსავლეთით. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოჩამჩირაში საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ," - აცხადებს ბუდანოვი უკრაინული მედიის ცნობით.


კირილ ბუდანოვის თქმით, შავი ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშაა, ისევე როგორც გაზის წარმოების პლატფორმები.

„საზღვაო საექსპორტო დერეფნები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, რისკების მიუხედავად კვლავ ფუნქციონირებს," - აღნიშნა ბუდანოვმა.