უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში პენი პრიცკერს შეხვდა. განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი გამძლეობისთვის საჭირო ნაბიჯები. ჩვენ მოუთმენლად ველით კონგრესის გადაწყვეტილებას უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ - მხარდაჭერა, რომელიც მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ, ყველა სახელმწიფოსთვის, რომლის სტაბილურობა დამოკიდებულია საერთაშორისო სამართლის სიძლიერეზე. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ბრძოლა და მადლობას ვუხდი ყველას ამერიკაში - ყველას, ვინც გვეხმარება თავისუფლების შენარჩუნებაში,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, წლევანდელმა წელმა უნდა მოიტანოს კონკრეტული შედეგები უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის. „და ეს ასეც იქნება. ჩვენი არსენალი გაძლიერდება,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.