ჯონ კერი გადადგომას გეგმავს - CNN

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში ჯონ კერი თანამდებობიდან გადადგომას მიმდინარე წლის გაზაფხულზე გეგმავს. ეს ინფორმაცია წყარომ CNN-ს დაუდასტურა.

კერისთან დაახლოებული წყაროს თქმით, ის კვლავ დაესწრება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს იანვარში და სავარაუდოდ, თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც გაემგზავრება.

80 წლის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი აშშ-ის მოლაპარაკებებს სამ საერთაშორისო კლიმატის სამიტზე ხელმძღვანელობდა. ბოლო ასეთი სამიტი დუბაიში გაიმართა.

უფრო ადრე, Axios-მა დაწერა, რომ კერი თანამდებობას ტოვებს და აპირებს, რომ ბაიდენის კამპანიას შეუერთდეს.


ბაიდენის ადმინისტრაციამდე, კერი დიდხანს მუშაობდა კლიმატის საკითხებზე. როგორც სახელმწიფო მდივანმა, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პარიზის შეთანხმებაზე მოლაპარაკებაში, რომელიც 2015 წელს თითქმის 200-მა ქვეყანამ მიიღო. ეს შეთანხმება მიზნად ისახავდა კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზემოქმედების მოგვარებას.

კერი ჯო ბაიდენთან ათწლეულების განმავლობაში ასევე მსახურობდა სენატში, სადაც ის პირველად მასაჩუსეტსის წარმომადგენლად აირჩიეს. 2009 წელს, როდესაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი გახდა, კერიმ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია დაიკავა. ის 2012 წელს ბარაკ ობამამ წარადგინა სახელმწიფო მდივნის პოსტზე. კერი ასევე მსახურობდა საზღვაო ძალებში ვიეტნამში.