უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კონგრესის დახმარებაზე საუბრობს. როგორც კულება აღნიშნავს აშშ-ის კონგრესს დრო ეწურება იმისთვის, რომ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარება დაამტკიცოს.
ABC News-თან ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფა პოტენციურად თავიდან აიცილებს NATO-სა და რუსეთს შორის პირდაპირ დაპირისპირებას, რომელშიც ამერიკელ ჯარებს ჩართვა მოუწევთ.
„რაც არ უნდა იყოს ახლა უკრაინის მხარდაჭერის ფასი, მსოფლიოში არეულობის გამოსწორების ფასი, თუ უკრაინა წააგებს, გაცილებით მაღალი იქნება,“ - აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში გამარჯვება სხვა მოწინააღმდეგეებს სახიფათო სიგნალს გაუგზავნის.
„თუ დასავლეთს არ შეუძლია რუსეთის შეჩერება უკრაინაში, სხვას ვის შეუძლია, შეაჩეროს იგი მსოფლიოს სხვა ნაწილებში?“ - განაცხადა კულებამ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის წინაშე დათმობაზე არასდროს წავა.
„იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან უკრაინისთვის სასწორზე ამ ერის არსებობა დევს,“ - განაცხადა უკრაინის საგარეო მინისტრმა.