ირანმა განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტებით იერიშები მიიტანა ისრაელის „ჯაშუშებზე“ და ანტიირანელ „ტერორისტებზე“ ერაყსა და სირიაში. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აფეთქებები იყო ერაყის ქურთისტანის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ ერბილიდან 40 კილომეტრში მდებარე რაიონში, სადაც აშშ-ის საკონსულოც მდებარეობს. ამერიკული წყაროების თანახმად, საკონსულო არ დაზიანებულა.
ქურთისტანის ავტონომიის ხელისუფლების მონაცემებით, მოკლულია 4 და დაჭრილია 6 ადგილობრივი მცხოვრები. Reuters-ის წყაროს ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ქურთი ბიზნესმენი, მილიონერი ფეშრავ დიზაი და მისი ოჯახის წევრები. რაკეტები მოხვდა სპეცსამსახურების ცენტრს და დაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სახლსაც. ABC News-ის ინფორმაციით, მუშაობა შეაჩერა ერბილის აეროპორტმა, სადაც დასავლეთის კოალიციური ძალების სამხედროებმა სამი დრონი ჩამოაგდეს.
რაც შეეხება სირიას, ირანი აცხადებს, რომ იდლიბის პროვინციაში იერიში მიიტანა ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე. სწორედ ამ ორგანიზაციამ აიღო პასუხისმგებლობა იანვრის დასაწყისში, ირანში მომხდარ ორ აფეთქებაზე, რომელთა შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ირანის სახელმწიფო მედიით 15 იანვარს, ღამით გავრცელებული ცნობებით, გვარდიამ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ სარაკეტო დარტყმები განახორციელა ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის ჯაშუშების შტაბ-ბინაზე“ ერაყის ქურთისტანის ავტონომიაში. რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ ეს „შტაბ-ბინა" ირანსა და რეგიონში „ჯაშუშური ოპერაციების და ტერაქტების დაგეგმვის" ცენტრი იყო.
ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასი“ 2023 წლის ოქტომბერში თავს დაესხა ისრაელს, რომელმაც საომარი მდგომარეობა გამოუცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.
ირანის მოკავშირეა ლიბანში მოქმედი რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლაც“, რომელიც პერიოდულად თავს ესხმის ისრაელის ტერიტორიას. ირანი მხარს უჭერს იემენში მოქმედ მეამბოხე ჰუთსიტებსაც, რომლებიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ, წითელ ზღვაში თავს ესხმიან გემებს. საპასუხოდ, აშშ და მისი მოკავშირეები „ჰუსიტების“ სამიზნეებზე იერიშებს ახორციელებენ.