უკრაინის დახმარების საკითხი ევროკავშირსა და აშშ-ის კონგრესში უახლოეს კვირებში მოგვარდება. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეთა კითხვებზე პასუხისას გააკეთა. მან ამის საფუძვლად დადებითი სიგნალები მოიყვანა.
„ვფიქრობ, რომ ეს კვირების საკითხია. დადებითი სიგნალები მაქვს, რომ ევროპა მხარს გვიჭერს, სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ დახმარების საკითხი მოგვარდება კონგრესში. ამის გარეშე ეს შეუძლებელია”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინამ ამ მხრივ ბევრი სხვადასხვა დისკუსია, დიალოგი და შეხვედრა გამართა.
„ვფიქრობ, რომ ტყუილად არ ვკარგავთ დროს. ჩვენთვის ასე ძვირფას დროს. ვინაიდან მნიშვნელოვანია ჩასვლა, პარტნიორებთან საუბარი, შეხვედრები, მაგრამ ამის მიუხედავად, არის სამხედრო დროის პრიორიტეტები და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების ძალიან დადებითი რეაქცია იქნება,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირისა და მსოფლიო სავალუტო ფონდის წინადადებებსა და მათთვის მიცემულ დაპირებებს უფრო სწრაფად ასრულებს, ვიდრე ომამდე, “ვინაიდან უკრაინამ ომის დროს აჩვენა, რომ შეუძლია, ძლიერი იყოს და სახელმწიფოს რეფორმირება მოახდინოს.”