კახა კალაძე: სულ რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს ორმხრივად აღდგება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს ორმხრივად აღდგება. ეს პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც მერიამ კონტრაქტორებს ხელშეკრულება შეუწყვიტა.


„კარგად იციან წერეთლის გამზირზე მცხოვრებლებმა, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. პირდაპირ ვიტყვი - ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ ამხელა მასშტაბის სამუშაოები ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, ეს იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, პარკები, სკვერები, გამწვანება და ა.შ. სად იყვნენ წინა მთავრობები, წინა მერები? მათაც გაეკეთებინათ და ამ მიმართულებით ნაკლები გვექნებოდა სამუშაო,“ - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერი ოპოზიციას აკრიტიკებს.

„მიდის პროპაგანდა, რომ განვითარება, სარეაბილიტაციო სამუშაოს განხორციელება ერთგვარ დანაშაულად იქცეს. ესენი არიან ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოება გაგცემთ შესაბამის პასუხს. ქვეყანას ჰყავს ძლიერი მთავრობა, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. წერეთლის გამზირის პროექტსაც დავასრულებთ და სხვა მნიშვნელოვან სამუშაოებსაც განვახორციელებთ, რაც სჭირდება დედაქალაქს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. 2024 წელი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და არ ვაპირებთ, „ხელმოცარული აგენტების“ ისტერიულ კამპანიას ყურადღება დავუთმოთ,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.