აშშ ჰუსიტებს კვლავ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა მედიას განუცხადა.
განკარგულება 30 დღეში -2024 წლის 16 თებერვალს ამოქმედდება.
აშშ-ის ეს ნაბიჯი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის მიერ წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხია. თუ ჰუსიტები თავდასხმებს შეწყვეტენ, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, გადაწყვეტილებას გადახედოს.
იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა.
აშშ-მ ჰუსიტები SDGT -ისა და უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების (FTO) სიიდან 2021 წელის თებერვალს ამოიღო. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მაშინ იემენელი ხალხის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა დასახელდა.