კულება: უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივები სჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დავოსში ბრიტანელ კოლეგა დევიდ კემერონთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივები სჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ამის გარკვევა ახლავე თუ არ მოხდება, მაშინ მსოფლიოში სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტებისა და გამწვავებების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო მათი მოგვარების ფასი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე უკრაინის დახმარების ფასი.


„როდესაც ზოგიერთი ექსპერტისა და მოაზროვნის არგუმენტები გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინას, შესაძლოა, უღირდეს კონფლიქტის გაყინვა, ჩვენი პასუხი მარტივია: რუსეთის გაყინული აქტივები გვჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი. სწორედ ასეთი უნდა იყოს წინ მიმავალი გზა, რათა მსოფლიოში ყველას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ: თუ წესების დარღვევას ბედავ, იძულებული იქნები, ამისთვის გადაიხადო,” - განაცხადა კულებამ.