მოსკოვის და პეტერბურგის მახლობლად აფეთქებები იყო, ბელგოროდზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის და ქალაქ სანკტ-პეტერბურგის მახლობლად ღამით აფეთქებები იყო. საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდშიც. გამთენიისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.“

„ერთი დრონი მოსკოვის ოლქში „გაანადგურეს“, ერთი კი „გზად შეაჩერეს ლენინგრადის ოლქში. უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით ამ შეტევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.


მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით კი, დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა, მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში ჩამოაგდეს. რუსული სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, დრონით შეტევის გამო, მუშაობა დროებით შეაჩერა პეტერბურგის საერთაშორისო აეროპორტმა „პულკოვომ.“

თავის მხრივ,ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა „წარმატებით ჩამოაგდეს“ 10 უკრაინული რაკეტა. გლადკოვის ცნობითვე, განადგურებული რაკეტების ნამსხვრევებით დაიჭრა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ბელგოროდის მახლობლად დაზიანებულია ორი სახლი, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზით მომარაგების სისტემა.

რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.