ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, სწრაფად გადაწყვიტოს უკრაინის დაფინანსების საკითხი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერები გააფრთხილა, რომ უკრაინის დასახმარებლად თანხების გამოყოფის შეფერხება საფრთხეს უქმნის ამერიკის, NATO-ს და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. 17 იანვარს ბაიდენი თეთრ სახლში შეხვდა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების და რესპუბლიკელების ლიდერებს და დაზვერვის, შეიარაღებული ძალების, საფინანსო და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს.


თეთრ სახლის ცნობით, ბაიდენმა შეხვედრაზე მიიწვია „რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ ფრაქციების ლიდერები, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები, რათა განეხილათ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების გადაუდებელი აუცილებლობა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებთან განიხილა „უმოქმედობის სტრატეგიული შედეგები."

„შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა კონგრესის მნიშვნელობას, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო რესურსები, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო შესაძლებლობები, რათა დაიცვას თავი რუსეთის სასტიკი შეჭრისგან. პრეზიდენტმა განიხილა უმოქმედობის სტრატეგიული შედეგები უკრაინის, შეერთებული შტატებისა და მსოფლიოსთვის. მან ნათლად განაცხადა : კონგრესის მუდმივი წარუმატებლობა საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ,NATO-ს ალიანსს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, სწრაფად უზრუნველყოს დამატებითი დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად. ამასთან, თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი დათანხმდა, რომ საჭიროა სასწრაფო ზომები აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე სიტუაციის გასაუმჯობესებლად და აღნიშნა, რომ მისთვის იმედის მომცემია ორპარტიულ მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი.

„პრეზიდენტმა ასევე ცხადყო, რომ ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ საზღვარზე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად. მისი თქმით, წახალისებულია სენატში მიმდინარე ორპარტიულ მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესით. მან გამოთქვა მზადყოფნა სასაზღვრო პოლიტიკასა და საზღვარზე დამატებითი რესურსების საჭიროებაზე ორპარტიული შეთანხმების მიღწევაზე,“ - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით 61 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას ითხოვს.