ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემა გამოსცადა. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ი იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბირთვული წყალქვეშა დრონის, "Haeil-5-23"-ის გამოცდა, თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის მიერ აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში განხორციელდა, თუმცა გამოცდის თარიღი მითითებული არ არის. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის სამხედრო წვრთნები აღმაშფოთებელია და კატასტროფული შედეგები მოჰყვება.
„ჩვენი არმიის სხვადასხვა საზღვაო და წყალქვეშა საპასუხო ქმედებები გაგრძელდება აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საზღვაო ძალების მტრული სამხედრო მანევრების შეკავების მიზნით," - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, სამი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სამდღიანი რეგულარული წვრთნები გამართეს. წვრთნები ფხენიანის მხრიდან მზარდ ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესების ძალისხმევის ფარგლებში განხორციელდა.