უკრაინა "ინტენსიურად" მუშაობს პარტნიორებთან, რათა საჰაერო მიმოსვლა აღადგინოს, ძირითადი აქცენტი კიევთან მდებარე ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტზე კეთდება.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ როსტისლავ შურმამ 18 იანვარს დავოსში გამართულ პანელის დროს განაცხადა.
„არ მინდა ზედმეტი მოლოდინის შექმნა [...] მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ უკრაინაში საჰაერო კავშირის აღსადგენად,“ - აღნიშნა შურმამ.
„ჩვენ უნდა მივიღოთ ნებართვა IATA-სგან (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) და FAA-დან (აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია), რაც ადვილი საქმე არ არის, “ - განმარტა შურმამ.
2023 წლის 15 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ომის დასრულებამდე სამოქალაქო აეროპორტის გახსნას განიხილავს. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება და პარტნიორები უკვე მუშაობენ ამაზე, მაგრამ მან არ დააკონკრეტა, რომელ აეროპორტს შეუძლია ფრენების განახლება.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ომის პირობებში უკრაინამ საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.