ევროკავშირმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ ექვს პიროვნებას სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესების მიზეზად იარაღით ვაჭრობა, ისრაელის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა დასახელდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„სანქციების ახალი ჩარჩო ძალაში 2025 წლის 19 იანვრამდე იქნება. საჭიროებისამებრ, მისი განხილვა, განახლება და შეცვლა მუდმივად მოხდება,“ - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
ევროკავშირმა „ჰამასის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას სუდანში დაფუძნებული ფინანსისტი აბდელბასით ჰამზა ელჰასან მოჰამედ ხაირი, ნაბილ ჩუმანი, ხალედ ჩუმანი, „ჰამასის“ ერთ-ერთი მთავარი ფინანსისტი რიდა ალი ხამისი, „ჰამასის“ უფროსი ოპერატორი მუსა დუდინი და ალჟირში დაფუძნებული ფინანსისტი აიმან აჰმედ ალ დუვაიკი დაამატა.