ევროპა საარტილერიო ჭურვების წარმოებას მნიშვნელოვნად გაზრდის

ევროკომისარმა შიდა ბაზრების საკითხებში, ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირს მიმდინარე წელს 1,3 მილიონი საარტილერიო ჭურვის წარმოება შეუძლია.

ბრეტონმა ამის შესახებ 19 იანვარს ტალინში, პრესკონფერენციაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან ერთად ისაუბრა. ბრეტონის თქმით, წარმოების მიმდინარე მაჩვენებლები კონფიდენციალურია, მაგრამ ევროკავშირი შეძლებს აწარმოოს ერთი მილიონი ჭურვი მიმდინარე წლის მარტში ან აპრილში, რითაც გასულ წელს დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებს.


ევროპის კომისია გააგრძელებს მუშაობას საწარმოო სიმძლავრეების გაზრდაზე და 2024 წლისთვის, შესაძლოა, 1,3-დან 1,4 მილიონამდე ჭურვს გამოუშვას.

ბრეტონმა ასევე აღნიშნა, რომ პრიორიტეტული ამოცანაა, უკრაინისთვის ევროპაში წარმოებული ჭურვების უდიდესი ნაწილის მიწოდება.