ირანული მედია ადასტურებს, რომ სირიაში, საჰაერო იერიშის შედეგად ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის 4 წევრი დაიღუპა.
„რევოლუციური გვარდიის სირიის დაზვერვის ქვედანაყოფის უფროსი, მისი მოადგილე და გვარდიის ორი სხვა წევრი ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებულ თავდასხმას მოწამეობრივად ემსხვერპლნენ“, - აცხადებს ირანის საინფორმაციო სააგენტო Mehr-ი.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოთხი წევრი დაიღუპა ისრაელის მიერ სირიის დედაქალაქ დამასკოში, საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული დარტყმის შედეგად. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. სააგენტოს თანახმად, შენობა სრულიად განადგურებულია. მას იყენებდნენ ირანელი მრჩევლები, რომლებიც სირიის მთავრობას უჭერენ მხარს.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-მ მომხდარს „ისრაელის აგრესიის აქტი“ უწოდა.
ისრაელის მედია იტყობინება, რომ რაიონში, სადაც აფეთქება მოხდა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი ზიად ალ-ნახალა და აკრამ ალაჯური ცხოვრობენ, რომელიც ორგანიზაციის მთელი სამხედრო საქმიანობაზე არის პასუხისმგებელი.
„ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ალ-ნახალა არ დაშავებულა.
ადამიანის უფლებების სირიული ცენტრის თანახმად, რომელიც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს, შენობაში, რომელზეც დარტყმა განხორციელდა, ირანის მხარდამჭერ ლიდერთა შეხვედრა მიმდინარეობდა. ორგანიზაცა მათ ვინაობას არ აკონკრეტებს.
ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია. 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელზე მიიტანა იერიში. ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.
„კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა და ძალადობა გაიზარდა სირიაში, ლიბანში, ჩრდილოეთ ერაყსა და წითელ ზღვაში. ლიბანში, ქვეყნის მძიმედ შეიარაღებულმა, ირანულმა მარიონეტულმა ჰეზბოლამ, ისევე როგორც პალესტინის მებრძოლი ჯგუფების ადგილობრივმა ფრთებმა, ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ისრაელის საზღვრის გასწვრივ რაკეტები გაისროლეს,“ - წერს Reuters-ი.