უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა კირილ ბუდანოვმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიმდინარე წელი უკრაინისთვის რთული იქნება. ამავე დროს, ბუდანოვი პროგნოზირებს, რომ უკრაინა კვლავ შეძლებს ვლადიმერ პუტინის შეკავებას.
ბუდანოვის შეფასებით, ქვეყანამ უკვე დაამტკიცა, რომ „რუსეთის ძლევამოსილების შესახებ მთელი ლეგენდა საპნის ბუშტია.“
Financial Times-ის ცნობით, უკრაინული დრონებით თავდასხმების თამამი ტაქტიკა იწვევს უკრაინის ზოგიერთი პარტნიორის შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ ამას შესაძლოა, რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი მოჰყვეს.
„ჩვენ არ ვგეგმავთ რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებას უახლოეს მომავალში. ყველაფერს, რასაც ვაკეთებდით, მომავალშიც გავაგრძელებთ," - განაცხადა თავის მხრივ, ბუდანოვმა.