ლავროვი ნიუ-იორკში „არამეგობრული ქვეყნების“ გვერდის ავლით ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა ნიუ-იორკში, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. საბჭომ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე უნდა იმსჯელოს.

სახელისუფლებლო სააგენტო, რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, რომ ლავროვის თვითმფრინავმა გვერდი აუარა „არამეგობრულ ქვეყნებს“ და მოსკოვიდან ნიუ-იორკში ჩრდილოეთის გზით 12 საათსა და 45 წუთში ჩაფრინდა, „ყოველგვარი გაუთვალისწინებელი გარემოებების" გარეშე.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვი ნიუ-იორკში 22-24 იანვარს  იქნება და გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში მონაწილეობის გარდა, „რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას“ გამართავს.

უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, სერგეი ლავროვი აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორისაა, თუმცა, როცა საქმე ეხება გაეროს, მას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლას არ უკრძალავენ, რადგან ამ შემთხვევაში გაეროს და არა ოფიციალური ვაშინგტონის სტუმრად ითვლება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკამდე ამ გზით ჩავიდა 2023 წლის სექტემბერშიც, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე დასასწრებად.

რუსეთს „არამეგობრულ ქვეყნებად“ გამოცხადებული ჰყავს სახელმწიფოები, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო სანქციები დაუწესეს. მათ შორის, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში მიმოსვლა აუკრძალეს.