თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აეკრძალება

თინა კანდელაკს ქვეყანაში შესვლა ყაზახეთთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადების შემდეგ აეკრძალება. ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებელ ზომებს უკვე იღება.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა.

  • „სახელმწიფო ასეთ რამეს არასდროს აპატიებს. დიდი ალბათობით, მას არც მოუნდება აქ ჩამოსვლა, მაგრამ თუ დააპირებს არ შემოვუშვებთ," – ამბობს სმადიაროვი.

ცნობისთვის, წლის დასაწყისში ყაზახეთში რკინიგზის ორ სადგურს სახელი შეეცვალა. რუსული ურალსკისა და უზენის ნაცვლად სადგურებს ორალი და ჟანაეზენი ჰქვია. კანდელაკმა ამასთან დაკავშირებით Telegram-ზე ისაუბრა.

„როგორც ბალტიისპირეთის გამოცდილება გვიჩვენებს, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. იქაც მცირედით დაიწყო, დღეს კი იხურება რუსული სკოლები, ნადგურდება საბჭოთა ძეგლები, იკრძალება რუსული ენა.... ძვირფასო ყაზახებო, თქვენ გაქვთ მარტივი, მაგრამ მრავლისმომცველი ზმნა мәңгу (დაბნევა, გაგიჟება, კონტროლის დაკარგვა). ამ ზმნიდან არის წარმოებული სიტყვა მანქურთი – ადამიანი, რომელმაც დაკარგა მეხსიერება, იდენტობა და ზოგჯერ გონებაც. საკუთარი თავისა და მოვლენების, ისტორიის და მათ შორის ისტორიული სახელების დავიწყება არამარტო უწიგნური, არამედ საშიში წამოწყებაა," – წერდა კანდელაკი.


ყირგიზი რუსულენოვანი მწერლის, ჩინგიზ აიტმატოვის ნაწარმოებებში მანქურთები არიან ტყვედ ჩავარდნილი ადამიანები, რომლებიც უსულო მონებად აქციეს. გადატანითი მნიშვნელობით, ეს ტერმინი უწარსულო, ეროვნული ფესვების არმქონე ადამიანის სინონიმია, რომელსაც ხშირად შეურაცხმყოფელი კონოტაცია აქვს.