უკრაინელები დონეცკის ბაზარზე დარტყმასთან კავშირს უარყოფენ

უკრაინის თავდაცვის ძალების დაჯგუფება „ტავრია“, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტზე მოქმედებს, ქალაქ დონეცკის ბაზარზე შეტევასთან კავშირს უარყოფს. 21 იანვარს, ღამით გაავრცელებულ განცხადებაში „ტავრია“ წერს, რომ დონეცკი უკრაინაა და რუსეთს მოუწევს, პასუხი აგოს უკრაინელებისთვის სიცოცხლის წართმევაზე.


რუსეთის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურად „დანიშნული“ დენის პუშილინის მტკიცებით კი, ბაზარ „მერკურიზე“ საარტილერიო იერიში მიიტანა უკრაინის არმიამ. პუშილინის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 27 და დაიჭრა 25 ადამიანი. პუშილინმა 22 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში პირდაპირ არ მიმართა, თუ ვინ დგას დონეცკზე თავდასხმის უკან, მაგრამ რეგიონში ბრძოლებს "განსაკუთრებით სასტიკი" უწოდა, რადგან მან რუსული დაბომბვის სამიზნეები აღწერა.

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თავის ღამის ვიდეომიმართვაში პირდაპირ არ უხსენებია, თუ ვინ დგას დონეცკზე თავდასხმის უკან, მაგრამ რეგიონში ბრძოლებს "განსაკუთრებით სასტიკი" უწოდა, მან რუსული დაბომბვის სამიზნეებზე ისაუბრა.

„მხოლოდ ამ დღეს რუსმა ველურებმა ასზე მეტი ქალაქი და უკრაინული სოფელი დაბომბეს ცხრა რეგიონში: ჩერნიგოვიდან და სუმიდან მიკოლაივამდე და კიროვოგრადამდე. რუსეთის ყველაზე სასტიკი თავდასხმები დონეცკის რეგიონში იყო. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დონეცკის ტექსტილშჩიკის რაიონის ბაზარში აფეთქებები 21 იანვარს, დილით მოხდა. ეს რაიონი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით ათ კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის ოლქზე კონტროლი 2014 წლიდან დაკარგა, როცა ადგილობრივმა სეპარატისტებმა რუსეთის მხარდაჭერით, ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და უკრაინის ამ რეგიონს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ უწოდეს.


2022 წლის სექტემბერში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ, რუსეთმა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკა და უკრაინის კიდევ სამი ოლქი: ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე თავის ტერიტორიებად გამოაცხადა. რუსეთი უკრაინის ამ რეგიონებს სრულად ვერ აკონტროლებს, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.