WSJ: ევროკავშირის ახალი გეგმით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის $22 მილიარდის გამოყოფა იქნება შესაძლებელი

ევროკავშირი ამზადებს ახალ გეგმას, რომლითაც 22 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Wall Street Journal (WSJ) ევროკავშირის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინება.

მანამდე, გასული წლის ბოლოს უნგრეთმა კიევის დასახმარებლად განკუთვნილი 50 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტი დაბლოკა.


Wall Street Journal-ის ცნობით, რომელიც ევროკავშირის შიდა დოკუმენტებს ეყრდნობა, ეს გეგმა ითვალისწინებს 20 მილიარდი ევროს გამოყოფას შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში.

დახმარება გამოიყოფა ახალი ფონდის მეშვეობით, რომელიც 2024-2027 წლებში, წელიწადში 5 მილიარდი ევროთი შეივსება.

ვარაუდობენ, რომ ეს 20 მილიარდი ევრო კომპენსაციის სახით დაუბრუნდებათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ათეულობით მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, რასაც ისინი უკრაინას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაუწევენ .


„ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ საკუთარი მარაგები იმ დონემდე ამოწურა, რომ აღარ შეუძლიათ უკრაინისთვის სერიოზული სამხედრო დახმარების აღმოჩენა. ამ სირთულეების გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ უკრაინისთვის შეიქმნას ახალი სპეციალური სამხედრო ფონდი, რომელიც შთანთქავს მშვიდობის ფონდში დარჩენილი აქტივების ნაწილს და უახლოესი ოთხი წლის მანძილზე ყოველ წელს 5 მილიარდი ევროთი შეივსება,“ წერს გამოცემა.

ფონდის მთავარი დანიშნულებაა, ეს ფული გამოყენებული იყოს იმ ქვეყნებისთვის კომპენსაციის გადასახდელად, რომლებიც უკრაინას საბრძოლო მასალას, დრონებსა და რაკეტებს მიაწვდიან. დანარჩენი თანხა გამოყენებულ სამხედრო მომზადების მზარდი ხარჯებისთვის გამოიყენება.