რუსეთში მცხოვრები უკრაინელების ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად, ზელენსკი გეგმას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, რუსეთის ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები უკრაინელების ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამისი ბრძანება დღეს, 22 იანვარს გამოსცა.

უკრაინა დღეს სახელმწიფო დღესასწაულს - ერთიანობის დღეს აღნიშნავს.


ზელენსკის შეფასებით, რუსეთი საუკუნეების განმავლობაში სისტემატურად მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს უკრაინელების ჩაგვრის, ეროვნული იდენტობის განადგურების და მათი უფლებების და თავისუფლების დარღვევის მიზნით, მათ შორის, ისტორიულად უკრაინელებით დასახლებულ რუსეთის ტერიტორიებზე.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო ვალდებულებები უნდა დაიცვას და უზრუნველყოს თავის ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელებისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების, სამოქალაქო, სოციალური, კულტურული და რელიგიური უფლებები.


უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მინისტრთა კაბინეტმა საერთაშორისო ექსპერტების, უკრაინელების მსოფლიო კონგრესის, მეცნიერების და საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობით უნდა შეიმუშაოს და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარუდგინოს სამოქმედო გეგმა რუსეთის ფედერაციაში უკრაინელების ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, ისტორიულად უკრაინელებით დასახლებულ მიწებზე. ასეთ ტერიტორიებად დასახელებულია დღევანდელი კრასნოდარის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკისა და როსტოვის ოლქები.

გეგმაზე მუშაობისას გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, იძულებითი რუსიფიკაციის, პოლიტიკური რეპრესიების და დეპორტაციის ამსახველი ფაქტებისა და მტკიცებულებების მოპოვება და შესწავლა, ისტორიული მეხსიერების აღდგენა და შენარჩუნება და მუშაობის გააქტიურება რუსეთის დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ.