Reuters-ის ცნობით, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნათესავების ჯგუფი იერუსალიმში, ქნესეტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ.
ისინი მოითხოვდნენ, რომ კანონმდებლებმა მეტი გააკეთონ მძევლების გასათავისუფლებლად. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით : „აქ ვერ ისხდებით, ვიდრე ისინი იქ კვდებიან. გაათავისუფლე ისინი ახლავე!“ - სკანდირებდნენ პარლამენტში შეჭრილი მოქალაქეები.
მანამდე, მძევლების ნათესავებმა აქცია გამართეს იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლის წინ, სადაც კარვებიც გაშალეს და ისრაელის მთავრობას მძევლების გათავისუფლების მიზნით შეთანხმების სასწრაფოდ მიღწევისკენ მოუწოდეს.
„ჰამასის„ მხრიდან რეალური წინადადება არ არსებობს. მე ამას ვამბობ რაც შეიძლება ნათლად, რადგან არის ამდენი არასწორი განცხადება, რომელიც რა თქმა უნდა, მტანჯველია თქვენთვის," - ციტირებს ნეთანიაჰუს ოფისი პრემიერის სიტყვებს, რომლითაც მან ოჯახებს მიმართა.
„მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ხალხი, „ჰამასის“ რეალური შემოთავაზება არ არსებობს. ეს არ არის სიმართლე,“ - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელმა „ჰამასს“ საკუთარი ინიციატივა შესთავაზა, მაგრამ მას დეტალები აღარ დაუსახელებია.
შეგახსენებთ, ისრაელის ინფორმაციით, ღაზაში, ამ დროისთვის, დაახლოებით, 130 მძევალი იმყოფება. „ჰამასი“ ისრაელს 2022 წლის 7 ოქტომბერს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.