აშშ-მ ერაყის ავიაკომპანიას, მის დირექტორს და ერაყის პროირანული დაჯგუფებების ლიდერებს სანქციები დაუწესა

სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ ერაყის ავიაკომპანიას, მის აღმასრულებელ დირექტორს და ერაყის პროირანული დაჯგუფებების ლიდერებს სანქციები დაუწესა. ცნობილია, რომ ამ გადაწყვეტილებამდე, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე რეგულარულ შეტევებს ახორციელებდნენ.


სანქციები ერაყის ავიაკომპანია Fly Baghdad-სა და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს დაუწესდა. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს იარაღს მთელი რეგიონის მასშტაბით აწვდის.

„ირანი და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები ცდილობენ, რეგიონული ეკონომიკა ბოროტად გამოიყენონ და ერთი შეხედვით ლეგიტიმური ბიზნესები დაფინანსების დასაფარად და თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენონ,“ - განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში სახაზინო მდივნის მოადგილემ, ბრაიან ნელსონმა.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ირანის უკანონო ქმედებებისთვის ხელის შეშლას. აშშ თეირანს რეგიონის სტაბილურობის შერყევაში ადანაშაულებს.