ბორელი უკრაინას ეწვევა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შედეგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში უკრაინას ეწვევა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბორელი უკრაინაში ჩადის, რომ დაადასტუროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, კერძოდ, განიხილოს პოლიტიკური გადაწყვეტილების განხორციელების შესახებ უკრაინას 5 მლრდ ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდიდან.


ბორელის თქმით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის ის დრო, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შეასუსტონ.

„პირიქით, დროა, მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად: ფინანსური რესურსებით, სამხედრო აღჭურვილობით, ჯარისკაცების წვრთნებით და ყველაფრით, რაც უკრაინას თავის დასაცავად სჭირდება,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.


ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების შესახებ პოლიტიკური შეთანხმება არსებობს. ასევე, მიმდინარეობს დისკუსიები უკრაინის იარაღით მხარდაჭერის ფონდის შესახებ.

„იმედი მაქვს, ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი 5 მილიარდი ევროთი შევავსოთ, რათა უკრაინის დახმარების ფონდი შეიქმნას,“ - აღნიშნა ბორელმა.