სუნაკმა და ბაიდენმა უკრაინის დამატებითი დაფინანსებისა და მხარდაჭერის გადაუდებელ საჭიროებაზე ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორი ჯონ კირბი ავრცელებს.


„მათ იმის შესახებ ისაუბრეს, რაც წითელ ზღვაში ხდება და „ჰუსიტების“ შესაძლებლობების დარღვევისა და დაქვეითების მიზნით საერთაშორისო მრავალმხრივი მიდგომის აუცილებლობა განიხილეს,“ - განაცხადა ჯონ კირბიმ.


თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორის ცნობით, ბაიდენმა და სუნაკმა ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობის შემცირებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა უკრაინის დამატებითი დაფინანსებისა და მხარდაჭერის გადაუდებელი საჭიროების შესახებაც ისაუბრეს.