ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შესთავაზა საბრძოლო მოქმედებების ორი თვით შეწყვეტა და სანაცვლოდ ყველა მძევლის გათავისუფლება. ამის შესახებ ამერიკული ინტერნეტგამოცემა Axios-ი ისრაელის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
ამერიკული გამოცემის წყაროების თქმით, შეთანხმების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე უნდა გათავისუფლდნენ ღაზის სექტორში მძევლად მყოფი, 60 წელზე უფროსი ასაკის ქალები და კაცები და მძევლები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემდეგი ეტაპები მოიცავს ყველა სხვა მძევლის, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლებას და ისრაელისთვის გარდაცვლილი მძევლების ცხედრების გადაცემას.
ისრაელის მონაცემებით, ჰამასის მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული 240 ადამიანიდან ღაზის სექტორში, სავარაუდოდ, რჩება 132. მათგან 25 დაღუპულად ითვლება.